პოზიტიურობის მაჩვენებლის შესახებ

Views:


26.01.2021 გაიჟღერა, რომ ეპიდსიტუაციის სამართავად მნიშვნელოვანი პარამეტრი არის ‘პოზიტიურობის მაჩვენებელი’, და მნიშვნელოვანი შემსუბუქებისთვის საჭიროა, რომ ეს მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს. სავარაუდოა, რომ ეს პარამეტრი არის აღებული ჯანმოსა და ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებიდან. 

რეალურად ჯანმოს რეკომენდაცია გულისმობს [1], რომ ეპიდსიტუაციის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის რეპროდუქციის კოეფიციენტი Rt და შემსუბუქებისთვის საჭიროა, რომ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი იყოს სტაბილურად 1-ზე ნაკლები. ჯანმო ასევე იძლევა ბმულს, სადაც ოფიციალურმა სტრუქტურებმა შეიძლება აიღონ პროგრამა R-ში დაწერილი კოდი [2], რომელიც ამ პარამეტრის დათვლის საშუალებას იძლევა. ჩვენი ჯგუფი ნებისმიერ მსურველს რამდენიმე თვეა სთავაზობს MATLAB-ში დაწერილ ანალოგიურ პროგრამას, ხოლო ინტერნეტში იძებნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეპიდ-მოდელირების ჯგუფის მიერ სპეციალურად ფართო გამოყენებისთვის დაწერილი MS Excel ფაილი, რომელიც ასევე ითვლის ამ კოეფიციენტს [3]. 

ამ ძირითადი პარამეტრის გარდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ Rt-ს დათვლა ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების გამო არ/ვერ ხერხდება, დამატებით პარამეტრებად შესაძლებელია იქნას გამოყენებული: ბოლო 3 კვირის განმავლობაში შემთხვევების მდგრადი 50% კლება, ბოლო 2 კვირის განმავლობაში პოზიტიურობის მაჩვენებელი <5% და ა.შ. ამ პარამეტრის შინაარსი ის არის, რომ ის აკონტროლებს რამდენად მომცველია ჩატარებული ტესტები (უხეშად რომ ვთქვათ, თუ დღეში 20 ტესტი ტარდება, ცხადია გამოვლენილი შემთხვევების მიღებული მნიშვნელობა რეპრეზენტატიული ვერ იქნება). რაც შეეხება ჩვენთან გამოცხადებულ 4% ნიშნულს, ის სავარაუდოდ დაკავშირებულია ECDC რეკომენდაციასთან, რომლის მიხედვითაც პოზიტიურობის მაჩვენებელი <4% განსაზღვრავს, რომ ქვეყანა იმყოფება ე.წ. მწვანე ზონაში. აქ აღსანიშნავია, რომ ECDC ეს სტანდარტი ეხება მობილობას, ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ ქვეყანა მწვანე ზონაშია, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა მის მოქალაქეებს მობილობაზე შეზღუდვები არ უნდა დაუწესონ, ამიტომ ლოქდაუნის გაუქმებასთან უშუალო კავშირში არ არის. 

ჯანმოს რეკომენდაციის შინაარსი ასეთია: ეპიდემიის განვითარებაც და ჩაქრობაც, უხეშად რომ ვთქვათ, გეომეტრიული პროგრესიით მიდის, ხოლო გეომეტრიული პროგრესიას 2 მახასიათებელი აქვს, პროგრესიის მნიშვნელი (განისაზღვრება Rt-თი) და პროგრესიის მიმდინარე წევრის მნიშვნელობა, ანუ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, მაგალითად ისრაელმა, მკაცრი ლოქდაუნის გამოცხადებისთანავე გამოაცხადა შემსუბუქების პრიორიტეტები (ანუ როდესაც შემსუბუქება დაიწყება ვინ ვის შემდეგ იხსნება), და შემსუბუქების დაწყების პირობები - Rt<0.8 და დღიური მაჩვენებელი<2000 ინფიცირებული.

ყოველივე აქედან გამომდინარე, პოზიტიურობის მაჩვენებლის ძირითად პარამეტრად განხილვა რთულად დასაბუთებადია. Rt მიმდინარე მნიშვნელობა საქართველოსთვის ქვეყნდება ამ ბლოგზე (მათ შორის ყველა რეგიონისთვის ცალ-ცალკე). ხოლო საქართველოს მონაცემი შესაძლებელია ინახოს ინტერნეტშიც, მაგალითად საიტზე


https://renkulab.shinyapps.io/COVID-19-Epidemic-Forecasting/_w_e5b11b57/?tab=ecdc_pred&country=Georgia

-------------------------------------------------------------------------

[1] https://apps.who.int/iris/rest/bitstreams/1277773/retrieve

[2] https://github.com/jscire/Swiss_covid_Re/tree/master/scripts

[3] http://tools.epidemiology.net/EpiEstim.xls

-------------------------------------------------------------------------

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

ეკატერინე გორგასლიძე, egorgaslidze@gmail.com

27/01/2021



Comments