ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმის შესახებ
Views:
22.01.2021 გამოქვეყნდა ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც გულისხმობს 1 თებერვლიდან მოლებისა და მაღაზიების გახსნას, 15 თებერვლიდან ბაზრობებისა და რესტორნების გახსნას და 1 მარტიდან სკოლებისა და ტრანსპორტის ამუშავებას. სამწუხაროდ არ ყოფილა განმარტებული რა გათვლებს ეფუძნება ეს გეგმა. ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ ვიცით რა შემსუბუქება რა შედეგს გამოიწვევს, და ამიტომ ეტაპობრივად უნდა შევამსუბუქოთ შეზღუდვებიო.
რეალურად არსებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას გარკვეულწილად ვიწინასწარმეტყველოთ რის შემსუბუქებას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ჩვენთან მოქმედებდა შეზღუდვების ასეთი რეჟიმი: კომენდანტის საათი 22.00-დან, სკოლები დახურულია, მუშაობს ტრანსპორტი, ბაზრობები, მაღაზიები და მოლები. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ასეთ რეჟიმში რეპროდუქციის ეფექტური კოეფიციენტი იყო Rt=1.07, ანუ ვიმყოფებოდით მცირე ზრდის ფაზაში.
10 ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში იყო 65’000 გამოვლენილი შემთხვევა, ხოლო 23.01.2021 მდგომარეობით არის 252’000 შემთხვევა, და მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ინფიცირების სრული რაოდენობა გამოვლენილს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება, მივიღებთ, რომ 10 ნოემბრის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის 10%-ით მოიმატა კოვიდის გადატანილი ადამიანების რიცხვმა, ამიტომ იგივე რეჟიმის განხორციელების შეთხვევაში ეფექტური რეპროდუქციის კიოეფიციენტი უნდა იყოს Rt=1.07*0.9=0.96, ანუ შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით მუდმივი უნდა იყოს. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ გეგმა რეალურ შემსუბუქებას გულისხმობდა, შესაძლებელი იყო გვეცადა ტრანსპორტის ამუშავება, მოლების, მაღაზიებისა და ბაზრობების გახსნა და იმ შემთხევაში, თუ 15 თებერვლისთვის სიტუაციის გაუარესება იქნებოდა, გარკვეული შეზღუდვების დაბრუნება, ან პირიქით, კარგი განვითარების შემთხვევაში შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება. ეს არის ის ნაწილი, რომელიც სამეცნიერო ანალიზს ექვემდებარება.
ლოქდაუნის შემსუბუქების გადაწყვეტილებების მიღებისას, ლოგიკური ჩანს შემდეგი პრინციპების გამოყენება:
- შემსუბუქების ღონისძიებები უნდა დაიყოს კატეგორიებად პრიორიტეტების მიხედვით, და თუ 2 შეზღუდვა ერთიდაიგივე კატეგორიაშია, მაშინ მათ შორის არ უნდა იყოს განსხვავება. მაგალითად, თუ მოლების და ბაზრობების გახსნა ერთნაირი პრიორიტეტია, მაშინ გაუგებარია, რატომ იხსნება მოლები და ელოდებიან ბაზრობები 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხევაშიც კი, თუ გვაქვს მიდგომა ‘არაფერი ვიცით და უნდა დავაკვირდეთ’ (არადა ვიცით), სამართლიანი იქნებოდა 1 კვირით გახსნილიყო ბაზრობები და შემდეგ კვირაში მოლები, ამის შემდეგ გვენახა რა ხდებოდა და ან გაგრძელებულიყო რიგ-რიგობით მუშაობა, ან გახსნილიყო ორივე;
- გათვალისწინებული უნდა იქნას ბრიტანული შტამის გავრცელების საშიშროება. ფაქტია, რომ დეკემბერში ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. სრულიად რეალურია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ეს შტამი შესაძლოა დომინანტი გახდეს ვთქვათ 1 აპრილს (მიუხედავად ზოგიერთი ‘ექსპერტის’ პროგნოზებისა, ამ თარიღის პროგნოზირება ამ მომენტში შეუძლებელია), რაც ცხადია ახალი ლოქდაუნის აუცილებლობას გამოიწვევს. თუ მცირე მეწარმეებს, მაგალითად ბაზრობებზე, ახლა არ მიეცემათ საშუალება ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაშინ გამოვა რომ ამ ხალხს განუწყვეტელ ლოქდაუნში მოუწევთ ნახევარი წელი ყოფნა. რამდენად გაუძლებენ ისინი ასეთ რეჟიმს?
- გაუგებარია რატომ არის ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული სკოლების გახსნა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, სადაც ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა, სკოლები არავის დაუხურავს, და ბავშვები დღეგამოშვებით დადიან სკოლაში.
-------------------------------------------------------------------------
გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge
ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge
მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge
ეკატერინე გორგასლიძე, egorgaslidze@gmail.com
23/01/2021
Comments
Post a Comment