2020 წლის შემოდგომაზე ლოქდაუნის გამოცხადების შესაძლო სცენარების ანალიზი

Views:

 

2020 წლის შემოდგომაზე ლოქდაუნის გამოცხადების შესაძლო სცენარების ანალიზი

პანდემიის პირველი ტალღის ანალიზის შედეგად საყოველთაოდ ცნობილი გახდა [1-7], რომ პანდემიის მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შეზღუდვების დროული დაწესება. ცნობილია [2-4], რომ პირველი ტალღის დროს ლოქდაუნის სულ რაღაც 1-2 კვირით ადრე შემოღებას შეეძლო სიკვდილიანობის მაჩვენებლების 2-ჯერ შემცირება, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში.
საქართველოში პირველი (გაზაფხულის) ტალღა არ გვქონია და პანდემიის მართვის მხრივ ზაფხულის ბოლოს ყველა შესაძლო პარამეტრით ვიყავით მოწინავე ქვეყანა. გასაგებია, რომ ასეთი სიტუაცია სამწუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა, და სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს უნდა ჰქონოდა (და იმედია ჰქონდა) შემუშავებული ცხადი წესები, სწრაფი ზრდის (ტალღის საწყისი, ექსპონენციალური ზრდის ეტაპი) დაწყების შემთხევვაში პარამეტრების რა მნიშვნელობების მიღწევის დროს დაიწყებოდა შეზღუდვების შემოღება. ასეთი ჯებირული პარამეტრი შეიძლება ყოფილიყო:
  1. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 72 ადამიანი 1მლნ მოსახლეზე (ანუ ქვეყნის მასშტაბით დღეში 266 ინფიცირებული). ეს არის პირველი ტალღის დროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინფიცირებულთა გამოვლენის ის საშუალო მაჩვენებელი, რომლის დროსაც ამ რეგიონების ქვეყნები ლოქდაუნს აცხადებდნენ [1]. საქართველომ ეს ნიშნული პირველად გადალახა 2020 წლის 25 სექტემბერს;
  2. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კლასიფიკაციით ‘წითელ’ ზონაში გადასვლა [8]. ECDC კრიტერიუმი გულისმობს ბოლო 14 დღის განმავლობაში 100’000 მოსახლეზე 50 ინფიცირებულის გამოვლენას, თუ დადებითობის მაჩვენებელი >4%, ან 150 ინფიცირებულს 100’000 მოსახლეზე, თუ დადებითობის მაჩვენებელი <4%. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 5550 (>4%) ან 1850 (<4%) ინფიცირებულის გამოვლენას 14 დღის განმავლობაში. ეს ზღვარი საქართველომ პირველად გადალახა 2020 წლის 3 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ ECDC კლასიფიკაცია ოფიციალურად მიღებული იქნა 13 ოქტომბერს, თუმცა შეთავაზებული და ფართოდ ცნობილი (მათ შორის საქართველოში) იყო 4 სექტემბრიდან.


გასაგებია, რომ ლოქდაუნის შემოღება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურზე და ეკონომიკურზე. 31 ოქტომბერს საქართველოში იმართებოდა საპარლამენტო არჩევნები, და საარჩევნო პერიოდში შეზღუდვების შემოღება პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იყო (თუმცა შესაძლო შეზღუდვების ნაწილი, რომელიც არ განხორციელდა არანაირად არ იყო დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებთან). 

იმ მიზნით, რომ გამოირიცხოს ზემოთ ნახსენები პოლიტიკური მიზეზების გავლენა, ჩვენს მიერ მოდელირებული პირველი სცენარი გულისხმობს: 2020 წლის 1 ნოემბერს 6 კვირის ვადით ლოქდაუნის გამოცხადებას.



ცნობილია, რომ პირველი ტალღის დროს აშშ-ს ბევრმა შტატმა შემზღუდავი ზომები საკმაოდ გვიან შემოიღო [2,3]. გარდა ამისა, პირველი ტალღის დროს სიკვდილიოანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში რამდენჯერმე მაღალი იყო ვირდე შემოდგომაზე. შედეგად, პირველი ტალღის დროს აშშ-ს შტატებში ლოქდაუნის გამოცხადების დროს საშუალო სიკვდილიოანობა შეადგენდა 8 ადამიანს 1მლნ მოსახლეზე დღეში. საქართველომ ამ მაჩვენებელს (შემოდგომაზე, როდესაც ყველა ქვეყანაში სიკვდილიოანობა რამდენჯერმე დაეცა) მიაღწია 2020 წლის 7 ნოემბერს. ამიტომ, მეორე მოდელირებული სცენარი გულისხმობს ლოქდაუნის გამოცხადებას 2020 წლის 10 ნოემბერს (როდესაც ჩვენს ქვეყანაში პირველი საშემოდგომო შეზღუდვები დაწესდა). 

სცენარების მოდელირებისთვის გამოყენებული იქნა ე.წ. მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტზე [9,10] დაფუძნებული, დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელის [9] მოდიფიცირებული ვერსია. მოდელირება მოიცავს პერიოდს 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით. როგორც ზევით აღინიშნა, მოდელირებული იქნა 2 სცენარი და ის შედარდა იმ შედეგებს, რომლის მომსწრენიც ჩვენ რეალობაში გავხდით. სცენარების შედარების პარამეტრად გამოყენებულია COVID-19 მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა.

სცენარი 1: 2020 წლის 1 ნოემბერს ცხადდება ლოქდაუნი (იგივე პირობებით, როგორითაც რეალობაში გამოცხადდა 2020 წლის 28 ნოემბერს) 6 კვირის ვადით. ამის შემდეგ ხდება პორობების მკვეთრი შემსუბუქება (ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებდა 2020 წლის 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე); 

სცენარი 2: 2020 წლის 1-10 ნოემბრის პერიოდში სიტუაცია ვითარდება ისე, როგორც რეალობაში. 2020 წლის 10 ნოემბერს ცხადდება ლოქდაუნი 6 კვირის ვადით. ამის შემდეგ ხდება პორობების მკვეთრი შერბილება (ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებდა 2020 წლის 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე);

ამ სცენარების შესაძლო შედეგების შედარება ხდება ფაქტობრივ მონაცემებთან, ანუ ასეთ სცენართან: 2020 წლის 10 ნოემბერს ცხადდება გარკვეული შეზღუდვები. 28 ნოემბერს 9 კვირის ვადით ცხადდება ლოქდაუნი. 

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობები მოცემულია გრაფიკზე. შავი წირი შეესაბამება ფაქტიურ მონაცემებს. 2021 წლის 13 იანვრის მდგომარეობით ეპიდემიის დასაწყისიდან სულ იყო 2867 გარდაცვლილი. პირველი სცენარის განვითარების შემთხვევაში 13 იანვრისთვის გვეყოლებოდა 1456 გარდაცვლილი (ფაქტიურის 50.8%), ხოლო მეორე სცენარის განვითარების შემთხვევაში გვეყოლებოდა 1900 გარდაცვლილი (ფაქტიურის 66.3%).
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ორივე ჰიპოთეტური სცენარი გულისხმობს ლოქდაუნში მხოლოდ 6 კვირის გატარებას, ანუ იმაზე ნაკლების, ვირდე ფაქტობრივად გავატარეთ 01.10.2020-13.01.2021 პერიოდში (და კიდევ თითქმის 3 კვირა უნდა გავატაროთ). 

წარმოდგენილი კვლევა ადასტურებს ცნობილ ფაქტს [2-4], რომ შეზღუდვების ეფექტურობა ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული მათ დროულობაზე (timing).

-------------------------------------------------------------------------

[1] https://science.sciencemag.org/content/sci/early/2020/06/11/science.abc0035.full.pdf

[2] https://advances.sciencemag.org/content/6/49/eabd6370

[3] https://www.embopress.org/doi/full/10.15252/emmm.202013171

[4] https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge-core/content/view/C4757E14B1ECC76D5733E17ACCB41736/S1935789320004334a.pdf/div-class-title-effect-of-timing-of-implementation-of-the-lockdown-on-the-number-of-deaths-for-covid-19-in-four-european-countries-div.pdf

[5] https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.11.14.20231886v1.full

[6] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2589537020302017

[7] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1201971220307220

[8] https://www.ecdc.europa.eu/en/covid-19/situation-updates/weekly-maps-coordinated-restriction-free-movement

[9] https://geotimeseries.blogspot.com/p/blog-page_30.html

[10] Cori A, Ferguson NM, Fraser C, Cauchemez S. A new framework and software to estimate time-varying reproduction numbers during epidemics. Am J Epidemiol. 2013;178(9):1505–12. doi: http://dx.doi.org/10.1093/aje/kwt133.

------------------------------------------------------------------------------



გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ეკატერინე გორგასლიძე, egorgaslidze@gmail.com

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

17/01/2021




Comments