რამდენად იმოქმედა მობილობაზე მოლების გახსნამ 1 თებერვალს

Views:


01.02.2021 მოხდა ლოქდაუნის პირველი შემსუბუქება - ამუშავდნენ სავაჭრო ცენტრები.  შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება იწვევს კონტაქტების ან/და მობილობის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ინფიცირების შემთხვევების ზრდას. მაგრამ, როგორც ცნობილია, გადამდები კონტაქტიდან ინფიცირების დადასტურებამდე დროის პერიოდი შეადგენს 10-14 დღეს. ამიტომ 1 თებერვალს გაზრდილი მობილობის ასახვა გამოვლენილ შემთხვევებში მოხდება ამ კვირის ბოლოს (ანუ 12-14 თებერვალს). ამიტომ, სტანდარტული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, შემსუბუქების შედეგების ანალიზი შესაძლებელია მინიმუმ 2 კვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. 

ყველაფერი შეიცვალა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც მეცნიერების დასახმარებლად Apple, Google & Facebook-მა გაასაჯაროეს მონაცემები ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობის ყოველდღიური მობილობის შესახებ. ეს მონაცემები რამდენიმე დღეში ხდება ცნობილი. ვინაიდან მობილობა ძლიერად კორელირებს კორონავირუსის გადაცემასთან (ანუ იმასთან, თუ რამდენი დადასტურებული შემთხვევა იქნება ფიქსირებული ამ დღიდან 10-14 დღის შემდეგ), მათი საშუალებით შესაძლებელია (რაციონალური ცდომილების ფარგლებში) იმის შეფასება, ამა თუ იმ შეზღუდვის გაუქმება რამდენად იმოქმედებს გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობაზე მომავალში [1]. მსგავს იდეას იყენებენ ეპიდემიის სიმულატორები, მაგალითად ჩვენში პოპულარული IHME მოდელი [2]. პრობლემა ისაა, რომ IHME ტიპის მოდელები შექმნილია გრძელვადიანი პროექციებისათვის და გამოუსადეგარია ცვალებად პირობებში მოკლევადიანი პროგნოზირებისთვის. სწორედ ამიტომ ჰქვია მათ შედეგებს projections და არა forecasts (სურათი 1). 


1. IHME მოდელის საიტის ქუდი.

ჩვენი მიზანია მობილობის მაჩვენებლის ცვლილებით წინსწრებით შევაფასოთ, რამდენად უნდა ველოდეთ შემთხვევების ზრდას ამ კვირის ბოლოს და მის შემდეგ. 

ნახაზზე მოცემულია დამოკიდებულება მობილობის შემცირების დღიურ მაჩვენებელსა (google-ს შეწონილი მაჩვენებელი [1,3]) და რეპროდუქციის კოეფიციენტს შორის (12 დღის შემდეგ), 2020 წლის 1 სექტემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში. ნახაზზე ცხადად ჩანს დადებითი კორელაცია (კორელაციის კოეფიციენტი r=0.85).  

1-2 თებერვალს, მოლების ამუშავების შემდეგ, მობილობის მაჩვენებელი იყო -31.5% (წინა კვირის პირველ 2 დღეს ის შეადგენდა -38.5%). რეგრესიის წირიდან, ამ მნიშვნელობას შეესაბამება რეპროდუქციის კოეფიციენტის მნიშვნელობა Rt=0.94 (0.1). ანუ, ამ კვირის ბოლოს, როდესაც თავი უნდა იჩინოს მოლების გახსნის შედეგად ინფიცირების რაოდენობის ფარდობითმა ზრდამ, სავარაუდოა, რომ ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი მცირე შემცირებას განაგრძობს, ან, უარეს შემთხვევაში დარჩება დაახლოებით წინა კვირის ნიშნულზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ Rt=0.940.1 შეფასება წარმოადგენს პესიმისტურ შეფასებას, რადგან:

    • რეგრესიის წირის ასაგებად გამოყენებულია ყველა მონაცემი, მათ შორის შემოდგომის დასაწყისის, როდესაც ავადმყოფობა გადატანილი ადამიანების წილი უმნიშვნელო იყო, მაშინ როდესაც დღეს ეს მაჩვენებელი 15-20% ფარგლებშია, რაც ცხადია ამცირებს რეპროდუქციის კოეფიციენტის ეფექტურ მნიშვნელობას;

    • კვირის დასაწყისი დაემთხვა უჩვეულო დათბობას, რაც ბუნებრივად (შეზღუდვების შემსუბუქების გარეშეც) ხელს უწყობს მობილობის ზრდას; 

ზუსტად ასევე, 13-15.02-ში შესაძლებელი იქნება დღეს მოხსნილი შეზღუდვების შედეგების წინსწრებით შეფასება. ეს არის ის ნაწილი, რომელიც სამეცნიერო ანალიზს ექვემდებარება.

თავს უფლებას ვაძლევთ შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ არ წარმოადგენს ჩვენი ექსპერტიზის სფეროს:

    1. გაზაფხულის ლოქდაუნიდან და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, წესით ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ 2 თვიანი ლოქდაუნი მძიმე გადასატანია (როგორც ბიზნესისთვის ფინანსურად, ასევე ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად) და მისი (თუნდაც ფარულად) კიდევ გახანგრძლივების მცდელობა დიდ პროტესტს გამოიწვევდა;

    2. ის ფაქტი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გრაფიკი გადაიხედა დაჩქარების მიმართულებით, თვალსაჩინო საფრთხეების მიუხედავად (1. პუნქტიდან გამომდინარე) დადებითად უნდა შეფასდეს; 

    3. ჩვენი წინა შეფასების მიხედვით (https://geotimeseries.blogspot.com/2021/01/blog-post_24.html ), მოლების, ტრანსპორტისა და ბაზრობების გახსნის შემთხვევაში შესაძლოა გვქონოდა იმედი, რომ არ გადავიდოდით ზრდის ფაზაში;

    4. ლოქდაუნიდან გამოსვლის ახალი გეგმის მიხედვით 15 თებერვალს მოხდება დამატებით სკოლებისა და რესტორან-კაფეების გახსნა (ეს მოხდება იმ დროს, როდესაც 8 თებერვალს გახსნილი ბაზრობებისა და ტრანსპორტის გამოწვეული შედეგები მხოლოდ ამ ბლოგში წარმოდგენილი ირიბი შეფასებით იქნება ცნობილი). ასეთი გეგმის განხორციელება დიდი ალბათობით გამოიწვევს მომავალში ზრდის ფაზაში გადასვლას;  

    5. ზრდის ფაზაში გადასვლა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის არასწორია (უკვე გავლილი გრძელი ლოქდაუნის გამო ბიზნესის გამოფიტვისა და ადამიანების ფსიქოლოგიური გადაღლის გათვალისწინებით). ასეთი პოლიტიკა წააგავს  შეკავების/შესუსტების პოლიტიკას (mitigation, მაგალითად, იხილეთ შრომა [4]), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტროლირებადი ზრდის ფაზაში ყოფნას გულისხმობს. ასეთი მიდგომის გატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: 

       (ა) სისტემაში, რომლის ბუნებრივი ევოლუცია ექსპონენციალური ზრდა/კლებაა, წონასწორობის ან მოზომილი ზრდის შენარჩუნება რთულია და ლოქდაუნთან შედარებით ბევრად უფრო დინამიურ/კომლექსურ მართვას მოითხოვს; 

       (ბ)  ვინაიდან ზრდის ფაზაში გადასვლის ალბათობა დიდია, უახლოეს კვირებში (მიუხედავად ინტერესთა ჯგუფების ტელე-გამოსვლებისა) არ შეიძლება ისეთი შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც ნაკლებად საზიანოა ბიზნესისთვის (კომენდანტის საათი, შაბათ-კვირის ლოქდაუნი და ა.შ.).

 

------------------------------------------------------------------------- 

[1] https://www.imperial.ac.uk/mrc-global-infectious-disease-analysis/covid-19/report-26-mobility-transmission/ 

[2] https://covid19.healthdata.org/georgia?view=total-deaths&tab=trend  

[3] https://ourworldindata.org/covid-google-mobility-trends

[4] https://www.imperial.ac.uk/mrc-global-infectious-disease-analysis/covid-19/report-12-global-impact-covid-19/ 

-------------------------------------------------------------------------

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

ეკატერინე გორგასლიძე, egorgaslidze@gmail.com

08/02/2021


  მასალა შეიძლება გამოყენებული იქნას შეთანხმების გარეშე.


Comments