ეპიდემიის მართვის პოლიტიკაში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზი

Views:

24 იანვარს გამოვაქვეყნეთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის მათემატიკური ანალიზი (იხილეთ ბმულზე). ხოლო ეს პოსტი წარმოადგენს, შეზღუდვების მართვის პოლიტიკაში 1 თებერვლიდან დაგეგმილი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი ასპექტების მიმოხილვას. მათემატიკურ ნაწილში წარმოდგენილი მყისიერი რეპროდუქციის კოეფიციენტის ბოლოდროინდელი დინამიკა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ დიახ დაგეგმილი შემსუბუქება არის დროული. ცხადია, ასეთი ცვლილებები სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივად ან სრული აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ შეზღუდვების მოხსნის პოლიტიკა თანმიმდევრული უნდა იყოს და ითვალისწინებდეს, როგორც ეპიდემიურ მაჩვენებლებს, ასევე ეკონომიკუ ფაქტორებს. სამწუხაროდ გამოქვეყნებულ გეგმაში არ ყოფილა განმარტებული რა გათვლებს ეფუძნება ეს გეგმა. ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ ვიცით რა შემსუბუქება რა შედეგს გამოიწვევს, და ამიტომ ეტაპობრივად უნდა შევამსუბუქოთ შეზღუდვებიო. ამ მხრივ, ეპიდემიის დინამიკის მიმდინარე და რესტროსპექტული ანალიზის მიხედვით შესაძლებელია წარმოდგენილი გეგმის დახვეწა. შემსუბუქების ღონისძიებები უნდა დაიყოს კატეგორიებად პრიორიტეტების მიხედვით, და თუ 2 შეზღუდვა ერთიდაიგივე კატეგორიაშია, მაშინ მათ შორის არ უნდა იყოს განსხვავება. მაგალითად, თუ მოლების და ბაზრობების გახსნა ერთნაირი პრიორიტეტია, მაშინ გაუგებარია, რატომ იხსნება მოლები და ელოდებიან ბაზრობები 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხევაშიც კი, თუ გვაქვს მიდგომა ‘არაფერი ვიცით და უნდა დავაკვირდეთ’ (არადა ვიცით), სამართლიანი იქნებოდა 1 კვირით გახსნილიყო ბაზრობები და შემდეგ კვირაში მოლები, ამის შემდეგ გვენახა რა ხდებოდა და ან გაგრძელებულიყო რიგ-რიგობით მუშაობა, ან გახსნილიყო ორივე;
  • გათვალისწინებული უნდა იქნას ბრიტანული შტამის გავრცელების საშიშროება. ფაქტია, რომ დეკემბერში ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში, ხოლო იანვარში მისი წილი კონტინენტური ევროპის მრავალ ქვეყანაშიც სულ უფრო მზარდია და მის შესაკავებლად მოუწიათ უკვე არსებულ მკაცრ შეზღუდვებზე დამატებითი ჰიგიენური მოთხოვნების დაწესება. მაგალითად, გერმანიაში და ავსტრიაში ახალი რეგულაციებით მხოლოდ FFP2 ან FFP3 ტიპის პირბადის გამოყენება ყველგან, რადგან როგორც ჩანს ადრე ცნობილი მუქი ცისფერი სტანდარტული პირბადეები მიჩნეულ იქნა ნაკლებ ეფექტურად 60%-ით უფრო სწრაფად გავრცელებადი ბრიტანული შტამის პირობებში. საბედნიეროდ, საქართველოში ეს შტამი ჯერ-ჯერობით არ არის გავრცელებული და ამიტომაც არის ახლა შემსუბუქება მიზანშეწონილი , რომ ეკონომიკას ამუშავების საშუალება მიეცეს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ მიმართებით, რომ სრულიად რეალურია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ეს შტამი შესაძლოა დომინანტი გახდეს ვთქვათ 15 აპრილს (მიუხედავად ზოგიერთი ‘ექსპერტის’ პროგნოზებისა, ამ თარიღის პროგნოზირება ამ მომენტში შეუძლებელია), რაც ცხადია ახალი ლოქდაუნის აუცილებლობას გამოიწვევს. ამიტომ, ახლა არის სწორედ დრო, რომ მცირე მეწარმეებს, მაგალითად ბაზრობებზე, მიეცეთ საშუალება ეკონომიკური საქმიანობის წარმოების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დრო თუ არ იქნა გამოყენებული, მაშინ გამოვა რომ მოსახლეობის ეს ნაწილი დარჩება იძულებითი განუწყვეტელი ლოქდაუნის პირობებში, სავარაუდოდ კიდევ დამატებით რამდენიმე თვე. რამდენად გაუძლებენ ისინი ასეთ რეჟიმს? ამიტომ დაგეგმილი სავაჭრო ობიექტებთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია ბაზრობების გახსნაც. ანალიზის მიხედვით ამან არ უნდა გამოიწვიოს რეპროდუქციის კოეფიციენტის მოსალოდნელზე მეტად ზრდა. ასევე მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური აქტივობების დაშვება არ არის ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუნდაც ნაწილობრივად ამუშავების გარეშე. რათქმაუნდა ამ შემთხვევაშიც, სოციალური დისტანცირების წესები უნდა იქნას მკაცრად შემოღებული და რომელიმე უწყებას დაევალოს მისი მკაცრად გაკონტროლება.
  • გაუგებარია რატომ არის ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული სკოლების გახსნა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, სადაც ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა, სკოლები არავის დაუხურავს და ბავშვები დღეგამოშვებით დადიან სკოლაში. ალბათ მიზანშეწონილია სასწავლო დაწესებულებების ეტაპობრივი გახსნა და დაკვირვება. არსებობს მიმდინარე კვლევები, რომ სავარჯიშო და სპორტული კლუბები გარკვეულ მომატებულ რისკს შეიცავენ ეპიდემიიის გავრცელებისთვის (იხილეთ ნაშრომი), მაგრამ ასევე სხვა კვლევები აჩვენებს რომ მათთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდ რისკს შეიცავს პროცესი, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთთან სიახლოვეში ჭამს საჭმელს (მაგალითად იხილეთ ნაშრომი). ინფექციის გადაცემის ალბათობის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ამ პირობებში გაცილებით რთულია. ამიტომ, რესტორნების და სხვა ჰორეკა ტიპის დაწესებულებების სრულად ამუშავების 15 თებერვლიდან დაგეგმვა ნაადრევად, ხოლო მათი, სხვა სოციალურ სერვისებთან (როგორიცაა ბაზრობები, ტრანსპორტი ან შესაძლოა ასევე სასწავლო დაწესებულებები) შედარებით, უფრო პრიორიტეტულად მიჩნევა, არა მიზანშეწონილი გვგონია.



  1. დასკვნითი მოსაზრებების სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი:
  • თებერვალში შეზღუდვების მოხსნა არის დროული და ეკონომიკურად გამართლებული;
  • წარმოდგენილ გეგმას სჭირდება ოპტიმიზაცია მოსალოდნელი გახსნის პრიორიტეტების და თანმიმდევრობის თვალსაზრისით;
  • რესტორნების და ბარების გახსნა არ უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული სხვა სერვისებთან შედარებით, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები ან ტრანსპორტი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია რესტორნებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა სოციალური სერვისი უკვე იქნება გახსნილი;
  • რესტორნების და ბარების გახსნა არ უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული სხვა სერვისებთან შედარებით, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები ან ტრანსპორტი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია რესტორნებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა სოციალური სერვისი უკვე იქნება გახსნილი;
  • თუ პრიორიტეტი ვაჭრობის აღდგენაა, მაშინ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, სიტუაცია მეტ-ნაკლებად პროგნოზს ექვემდებარება და ამიტომ ვაჭრობის სექტორი მთლიანად უნდა გაიხსნას;
  • შესაძლებელია ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ეტაპობრივი გახსნა სიტუაციის მიხედვით.

. -------------------------------------------------------------------------

ბიძინა შერგელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

გიგა ღოღობერიძე, ასოცირებული პროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

24/01/2021

Comments